შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2025 წელს გამოცხადებულ ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში, ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის აკადემიური პერსონალის მიერ წარდგენილ იქნა პროექტი ,,ბავშვების განვითარებისა და მატერიალური დეპრივაციის ინტეგრირებული სტატისტიკური გამოკვლევა“. ანონიმური უცხოელი ექსპერტების მიერ პროექტმა დაიმსახურა მაღალი შეფასება, რის შედეგადაც იგი მოხვდა გამარჯვებულთა შორის. პროექტის ხელმძღვანელია პროფესორი სიმონ გელაშვილი, კოორდინატორი - ასოცირებული პროფესორი გიორგი მიქელაძე, მკვლევრები - ასოცირებული პროფესორი ნინო აბესაძე, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი მარიამ ოქრუაშვილი, ეკონომიკის პროგრამის დოქტორანტი ანა ვარამაშვილი და ეკონომიკის მაგისტრი ნესტან ფანცულაია.
აღნიშნული პროექტის ხანგრძლივობა 3 წელია და მისი მიზანია საქართველოს შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების ადრეული განვითარების, ბავშვთა აღზრდის მეთოდებისა და ფუნქციური სირთულეების, ბავშვთა განათლებისა და მათი მატერიალური დეპრივაციის, ციფრულ ტექნოლოგიებსა და ვიდეო/კომპიუტერულ თამაშებზე ბავშვთა დამოკიდებულების კომპლექსური სტატისტიკური გამოკვლევა. კვლევის მოსალოდნელი შედეგები მოიცავს როგორც მეცნიერულ, ისე პრაქტიკულ სიახლეებს და ისინი წარდგენილი იქნება როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ისე სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისა და აკადემიური წრეებისთვის.
ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის მაღალ სამეცნიერო-კვლევით პოტენციალზე.